ახალი ამბები
სახელმწიფო რწმუნებულმა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო
2019-09-27 14:19:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მერთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე პატივი მიაგო გურამ გაბესკირიას, გენო ადამიას და ნოდარ კანკიას ხსოვნას.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ჟიული შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
ჟიული შარტავასთან ერთად დახვრიტეს სოხუმის მერი გურამ გაბესკირია. 2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.