ახალი ამბები
ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის ოფიციალური გახსნა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 91 სკოლას შორის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) დაფინანსებით.
2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, მათ შორის შვიდ საჯარო სკოლას სამეგრელოს რეგიონში: ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N8 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N10 საჯარო სკოლა, დარჩელის N1 საჯარო სკოლა, ინგირის N2 საჯარო სკოლა, ინჩხურის საჯარო სკოლა და კირცხის N1 საჯარო სკოლა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 40,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.