ახალი ამბები
ხობში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტში დღეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. დღესვე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც პედაგოგების შრომითი ანაზღაურება დაფინანსდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერებს. სწავლება კი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამის საფუძველზე განხორციელდება. სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებული მოსწავლეები ჩაირიცხებიან თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლება ასევე უფასოა. პარალელურად, ცენტრის ეგიდით, იქმნება ბავშვთა მუდმივმოქმედი ანსამბლი, სადაც შეისწავლიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერებს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა ცოტა ხანში ფოთში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუშიც გაიხსნება. ქვეყნის მასშტაბით სულ 14 სკოლის გახსნა იგეგმება. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს გამართულ შეხვედრას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე, მისი მოადგილე გიორგი გაბუნია, რეგიონის ვიცე-გუბერნატორი კობა ქანთარია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ხობის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა, სადაც ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. პროექტი საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქართული ფოლკლორის პროფესიული სწავლება, შენარჩუნება და აღორძინება.