ახალი ამბები
გიორგი გახარია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ვიცე-პრემიერმა/შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის ახლადარჩეულ მერთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე განთავსებული პავილიონები, სტენდები და ტექნიკა დაათვალიერა.
ზუგდიდში მასშტაბურ ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი საქართველოს კონცეფციით მართავს. დამთვალიერებელს საშუალება აქვს დამოუკიდებლობის დღეს, თვალი გადაავლოს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას და ღონისძიების მთავარი საკომუნიკაციო ფრაზით: #გააზიარეცოდნა ფარგლებში კიდევ ერთხელ გაეცნოს იმ გმირებს, რომლებმაც ერთიანი საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილია სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო პავილიონი - ერთიანი საქართველოს დერეფანი, სადაც წარმოდგენილია მასალები ერთიანი საქართველოს მეფეების, საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის, 1991 წლის რეფერენდუმის და ემიგრანტების შესახებ.
ზუგდიდის მთავარ მოედანზე განთავსდა სტენდები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას უცნობი ისტორიების შესახებ. გარდა ამისა, წარმოდგენილია დამოუკიდებლობის აქტის კედელი, სადაც ადგილობრივები შეძლებენ სიმბოლურად ხელი მოაწერონ ქვეყნის დამოუკიდებლობის დოკუმენტს.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ზუგდიდის მთავარ მოედანზე ერთიანი საქართველოს თემაზე კიდევ ერთი პავილიონი განთავსდა- აუდიო სტენდი, სადაც სტუმრები ქართველ პოეტებს, კინო მუსიკას, დამოუკიდებელი საქართველოს გმირებს, ხალხურ მუსიკას და 1918 წლის 26 მაისის შესახებ დოკუმენტურ მასალებს ყურსასმენების საშუალებით ეცნობიან.
,,გააერთიანე საქართველო“- ამ სახელწოდებით მოედანზე სტრატეგიული თამაში ტარდება, რომლებშიც წინასწარ დარეგისტრირებული სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები კი მაყურებელს ერთიანი საქართველოს პერფორმანსს წარუდგენენ.