ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ცნობიერების შესახებ შეხვედრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანია სამეგრელოს რეგიონის მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობა, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ქარსაცავი ზოლების აღდგენა, დეგრადირებული ტყის მასივის აღდგენა და ალტერნატიული ენერგო-ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა. პროექტი, რომელიც სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში ხორციელდება , სამეგრელოს მაღალკონსერვაციული ეკოსისტემების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით მოეწყო ექსპედიციები მდ. ხობისწყლის, მდ. ტეხურის, მდ. აბაშის აუზებში - რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა სამეგრელოს უმნიშვნელოვანესი მაღალკონსერვაციული ეკოსისტემები და შესწავლილი იქნა იქ არსებული უმდიდრესი ბიომრავალფეროვნება, მაღალი საკონსერვაციო მნიშვნელობის ენდემური და იშვიათი სახეობები. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაცია სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონში დაცული ტერიტორიის, კერძოდ, ეროვნული პარკის შექმნის შესახებ. აღნიშნული იდეის ინიცირება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. პროექტი სამეგრელოს რეგიონში განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura - დედამიწის მეგობრები - შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.