ახალი ამბები
მთავრობის წევრებმა ფოთში თევზის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ თევზის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს.
მთავრობის წევრები შპს „აისბერგ 2“-ს ეწვივნენ, რომელმაც მეწარმეობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ახალი სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შედეგად 2 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის ოდენობით შეღავათიანი კრედიტები მიიღო. აღებული თანხები ქარხნის ტექნოლოგიურ გადაიარაღებას მოხმარდა, რის შედეგადაც წარმადობაც გაიზარდა. თუ ქარხანა დღე-ღამეში 450-500 ტონა თევზს ამუშავებდა, ამჟამად 800-850 ტონა თევზის წარმოების შესაძლებლობა აქვს.
შეღავათიანი აგროსესხი, 2 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით გაიცა ასევე შპს „ზღვის პროდუქტებისათვის“, რომლის ძირითად საქმიანობას თევზჭერა, მოპოვებული თევზის რესურსის რეალიზაცია, გადამუშავება და მიღებული პროდუქციის საექსპორტო ბაზარზე გატანა წარმოადგენს. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შედეგად ქარხნის წარმადობა 700 ტონიდან 1500 ტონამდე გაიზარდა.