ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება. ბაღში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ. ამჟამად ბოტანიკური ბაღის შიდა ბილიკების, ადმინისტრაციული შენობის და სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც.