ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია მეფუტკრეებს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან გიორგი იაკობაშვილთან და ზურაბ ლიპარტიასთან ერთად მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა. ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა - ლაშა შალამბერიძემ მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო კერძოდ, მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ის ტერიტორიები, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება მხოლოდ საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დაზუსტებულ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრს. იმ სოფლებში, სადაც დიდი რაოდენობითაა ფუტკრის ოჯახები, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებს 24 საათით ადრე გაეგზავნებათ. ასევე, შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუტკრის ადგილმდებარეობის სპეციალური აღმნიშვნელი განთავსდება. მეფუტკრეებს ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge-ზე და მოკლე ტექსტური გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.