ახალი ამბები
ზუგდიდში ,,ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება
ზუგდიდში, პირველი ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდები ზუგდიდისთვის“ გაიმართა. 400-მა ახალგაზრდამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე და ახალი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს. ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, ახალგაზრდებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც პირველად ზუგდიდში განხორციელდება. ახალი სივრცე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები. ,,თქვენ ახალგაზრდები ხართ ის თაობა რომლებიც რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია ხიდი ხელისუფლებასა და ახალგაზრდობას შორის იყოს რაც შეიძლება მჭიდრო, რადგანაც რაც უფრო იაქტიურებთ თქვენ, უკეთეს შედეგს მივიღებთ სახელმწიფოს შენების პროცესში“ - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა. ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხზე მსჯელობა, მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე დამყარებული ინიციატივების განხილვა და შემდგომი განხორციელებაა. ,,მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ზუგდიდში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ახალგაზრდების როლი და ახალაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში უდიდესია, რაც უფრო აქტიურები იქნებით თქვენ საჯარო, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების პროცესში, ქვეყანა ამით მოიგებს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ასაშენებლია და გასავითარებელი - ამ პროცესში თქვენი მეტი ჩართულობა არის ჩვენთვსი ძალიან დიდი მუხტის მომცემი, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ უკეთ“ - განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ,,თქვენი, ახალგაზრდების სიტყვა ყველაზე უფრო ხმამაღლა გაისმის და ის ძალა რომელიც თქვენშია არის რეალური შესაძლებლობა რომ მოიტანოთ ცვლილებები“ - განაცხადა შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე განმარტებით, ,,მნიშვნელოვანია რომ დაიჯეროთ თქვენი ძალის და შესაძლებლობების. დამერწმუნეთ რომ თქვენთვის არ არსებობს არანაირი წინაღობა მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ დღეს ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს ეძლევათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები.“ შეხვედრა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას და მათი ჩართულობის გაზრდას მუნიციპალურ საკითხებში. ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.