ახალი ამბები
ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში მეთხილე ფერმერებისთვის სწავლებები ჩატარდება
„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობაში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის სწავლებებს და შეხვედრებს ჩაატარებს.
გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა კოლეჯის ყოფილი შენობის დათვალიერების შემდეგ მიიღო. ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის ყოფილი სასწავლებელი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი თოდუასთან ერთად დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზედაეწერის ყოფილი კოლეჯის შენობას, რომელიც მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, დროული მიხედვა სჭირდება, რისთვისაც კომპლექსის განვითარებაზე სხვადასხვა წინადადებების განხილვა უნდა მოხდეს. თუმცა მანამდე არსებულ შენობაში, „თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში მეთხილე ფერმერების სწავლებები გაიმართება.
„თხილის დაცვის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.
ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.
თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ორგანიზაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.