ახალი ამბები
საკონსულტაციო საბჭომ სამეგრელო-ზემო სვანეთში 26 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი
ბოლო ორი წლის განმავლობაში წყლისა და წყალარინების სამუშაოებმა ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია. შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქში გზების რეაბილიტაცია მოხდება.
პირველ ეტაპზე 10 ყველაზე პრობლემური ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, ქუჩების ჩამონათვალის და პროექტის დეტალების შესახებ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქალაქის ათი ქუჩის რეაბილიტაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს. ამ ეტაპზე ჯანაშიას, ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება.
ჩამოთვლილი ქუჩებიდან კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის ქუჩების საპროექტო დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მიერ უკვე გამზადებულია, დანარჩენი ქუჩების პროექტირებას კი გზების დეპარტამენტი მოახდენს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე შეაკეთებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, რუხი-რიყე-ტყაიას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთს.
დღეს გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ანაკლიის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, საზღვაო სეზონს ანაკლია მომზადებულად უნდა შეხვდეს, რისთვისაც კონკრეტული სამუშაოები განხორციელდება. საკონსულტაციო საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების, ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული მინი - ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებისა და ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის საკითხს. სრულად განახლდება სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრიც და მოეწყობა საფეხმავლო ხიდთან მდებარე კაფე-რესტორანი.
საკონსულტაციო საბჭომ დღსვე მოიწონა, ზუგდიდში საბავშვო მოედნების და სკვერების, ჭავჭავაძის ქუჩაზე კი ვეტერანთა ხეივნის მოწყობის საკითხები.
საბჭომ განიხილა აბაშაში კულტურის სახლის შენობის სარემონტო სამუშაოები, ნაესაკოვო-ცანავას გზის, სპორტული დარბაზის და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა და მრავალსართულიანი სახლების ფასადების მოწყობის პროექტები.
საკონულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთავრობო კომისიას დასაფინანსებლად წარედგინება საგანგებო სიტუაციების ცენტრის ოფისების აშენების პროექტი ხობსა და წალენჯიხაში.
საბჭოს წევრებმა მხარი ასევე დაუჭირეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოსა და ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას და ფოთის ქუჩებში არსებული გარე განათების ქსელის ლედ სანათებით ჩანაცვლებას.
საბჭომ დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებითაც იმსჯელა - მარტვილის მუნიციპალიტეტმა სოფელ აბედათში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის და დიდიჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პროექტები წარმოადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები დაფინანსების მოსაპოვებლად სამთავრობო კომისიას გაეგზავნება.