ახალი ამბები
სახელმწიფო თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, მისი განმარტებით კარდაკარის პრინციპით აქტიურად გაგრძელდება მოსახლეობისთვის პრაქტიკული სამუშაოების გაცნობა. ფორუმზე, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ხელშემწყობ ღონისძიებებზე. სოზარ სუბარმა, კი აღინიშნა რომ მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა.
კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“ დარგის წარმომადგენლებთან და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, წლის დასაწყისიდან მუშაობს, ასოციაცია 8000-მდე წევრს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმაა, რომელიც მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცეს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს; ასოციაციის ჩართულობით უზრუნველყოფს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას და აგროკონსულტანტების მომსახურებას ფერმერთა ჯგუფებისთვის.
თავის მხრივ მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს შეღავათებს მომსახურებაზე: ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა.
კონფერენციის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.