ახალი ამბები
26 მაისი – დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში და ფოთში ერთდროულად, თორმეტ საათზე მრავალჟამიერით დაიწყო.
ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნწებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიას ძეგლი.
კობა ქანთარიამ სამეგრელო - ზემო სვანეთის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი შევიდა ძალაში. ხოლო 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. 1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს"– განაცხადა კობა ქანთარიამ.
ფოთში და ზუგდიდში მთელი დღის გამნავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები: სამხედრო ტექნიკის გამოფენა, წიგნების გამოფენა–გაყიდვა, გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის ჩემპიონატი ჭადრაკში, საჩვენებელი გამოსვლები კრივსა და კინბოქსში, ფოთში ღია პირველობა აკადემიურ ნიჩბოსნობაში, წყალმოთხილამურეთა საჩვენებელი გამოსვლა, ცხენოსანთა მსვლელობა და ა.შ. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა. ღონისძიები ბოლოს იქნება დასკვნითი კონცერტი, სადაც გამოვლენ როგორც ადგილობრივი ასევე თბილისიდან ჩამოსული მომღერლები. კონცერტის ბოლოს იქნება ფეირვერკი.