ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს, - უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზე გაეცნო.
კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები; შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით. მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები; სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარია, სექტემბერში დასრულდება.
პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალ სხვა ობიექტებზეც, მათ შორის მთავრისეულ ტაძარში, სასახლესთან არსებულ ბოტანიკურ ბაღში და მუზეუმში იმყოფებოდა, რომელიც დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე დაარსდა.
პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობითაც დაინტერესდა და მიმდინარე სამუშაოებს ინფარსტრუქტურის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო.