ახალი ამბები
ზუგდიდში მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წლიური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც 13 ქვეყნის 32 მკვლევარი და 20 ქართველი ფოლკლორისტი ესწრება. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ. მეცნიერთა კონფერენცია 1 ოქტომბერს დაიწყო და ოთხ დღეში დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, „ეს არის საქართველოსა და ქართული ფოლკლორის ისტორიაში პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში არის უდიდესი მოვლენა. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორის კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ქართულ ფოლკლორში.“ მსოფლიო ფოლკლორისტთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება 1959 წელს დაარსდა. მისი მიზანია მსოფლიო სამეცნიერო აზრის ურთიერთგაზიარება მეცნიერთა შორის. ის აერთიანებს მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 800-მდე მეცნიერს. მას ჰყავს ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევითი პრეზიდენტი და შედგება ოთხი განსხვავებული კომიტეტისაგან: რწმენა-წარმოდგენების, შელოცვების, ზღაპრებისა და ეთიკის კომიტეტები. თითოეული კომიტეტი ატარებს წლიურ კონფერენციებს, ხოლო საზოგადოება ოთხ წელიწადში ერთხელ მართავს კონგრესებს, სადაც ყოველ შეხვედრაზე, გენერალური ასამბლეა მომდევნო ოთხი წლის სამეცნიერო საქმიანობის გეგმას გააცნობს საზოგადოების წევრებს და ხმის მიცემით წყდება ნომინანტი ქვეყნებიდან რომელი მოიპოვებს უფლებას გახდეს მასპინძელი ქვეყანა. 2013 წლის ივნისში, მსოფლიო ფოლკლორისტთა სამეცნიერო საზოგადოების მე-16 საერთაშორისო კონგრესზე, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ბელა მოსიამ შეიტანა წინადადება ერთ-ერთი წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარების შესახებ. წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი მონაწილეებმა. 2014 წლის 1-4 ოქტომბრის ჩათვლით გადაწყდა რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის წლიური კონფერენციის ჩატარება ზუგდიდში. ღონისძიება ეძღვნება ბუნებრივი სულების გარშემო კვლევას. ღონისძიებას ფინანსურად უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.