ახალი ამბები
ზუგდიდში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს
9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად, მემორიალთან იყვნენ მისულები სამეგრელო ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ლევან შონია ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ზუგდიდის მუციუციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ თოლორაიასთან ერთად, მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. ,,ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში..1989 წლის 9 აპრილს, ქართველმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ ის იყო ქართველი და არა საბჭოელი, გააცნობიერა რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა წყუროდა. 21 ადამიანი დაიღუპა მაშინ რუსთაველის გამზირზე, მათ შორის 22 წლის აზა ადამია, რომელიც ჩვენი რეგიონის მკვიდრი იყო, ეს ადამიანები დღეს გმირები არიან, ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეწირნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებასა და სიყვარულს. ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ ამ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი–საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის,,–განაცხადა მხარის გუბერნატორმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25-ე წელი შესრულდა. ზუსტად 25 წლის წინათ თბილისში, დილის 04.00. საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. მიტინგის დაშლისას ადგილზე 21 მოქალაქე დაიღუპა. 9 აპრილის დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსლვა იყო. ამ მოთხოვნით პირველი გამოსვლები თბილისში ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში დაიწყო. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 1989 წლის 4 აპრილს განახლდა. ამ დღეს მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის აქცია დარბევამდე გრძელდებოდა. 9 აპრილის აქციაში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. მას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და გიორგი ჭანტურია ხელმძღვანელობდნენ. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.